საზოგადოება
18.09.2026 10:15
აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეს დასრულდება
აბიტურიენტებისთვის ე.წ. მეორადი ჩარიცხვები დღეს, 18 სექტემბრის 18:00 საათზე დასრულდება.

როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, მონაწილეობა მიიღონ ე.წ. მეორადი ჩარიცხვის პროცესში და აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები.

მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება კი აქვს აბიტურიენტს, რომელმაც:
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა;
2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.
რაც შეეხება პროგრამების არჩევის წესს, აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www. online. naec.ge, აირჩიოს ბანერი - „ერთიანი ეროვნული გამოცდები - მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამებისა და აბიტურიენტთა მისაღები ადგილების შესახებ დეტალური ინფორმაციის ნახვა კი შესაძლებელია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განახლებულ ელექტრონულ ბუკლეტში - „ცნობარი აბიტურიენტებისთვის“, რომელიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზეა www. naec.ge გამოქვეყნებული.

შეგახსენებთ, 1795 აბიტურიენტს, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა და ვერ გახდა სტუდენტი, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა აქვს.

აღნიშნული გამონაკლისი კი, უმაღლესი განათლების რეფორმის პირველ წელს, აბიტურიენტებისა და საზოგადოებისთვის სიახლის გათვალისწინებით, მხოლოდ წელს იქნება, რომლის ინიციატორიც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძეა.
კვირის ამბები