
17 სექტემბერს პაციენტის უსაფრთხოების მსოფლიო დღე აღინიშნება. ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეამ 7 წლის წინ, 2019 წელს დააარსა ეს დღე და მას შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება.
თარიღის აღნიშვნის მიზანი, საზოგადოების და მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოს ინფორმირებულობის და ჩართულობის გაზრდა, ასევე, ჯანდაცვის სისტემის პაციენტზე უსაფრთხოდ მორგებაა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით, წლევანდელი დღის სლოგანია „უსაფრთხო მოვლა მთელი სიცოცხლისთვის!“, რაც გულისხმობს სამედიცინო შეცდომების თავიდან აცილებას და პაციენტების უსაფრთხოების დაცვას მკურნალობის ყველა ეტაპზე, ხოლო წლევანდელი კამპანია ფოკუსირებულია არაგადამდები დაავადებების მქონე პაციენტების უსაფრთხო მკურნალობასა და მოვლაზე, ვინაიდან ასეთი ქრონიკული დაავადებების მართვა ხანგრძლივ და უწყვეტ სამედიცინო მეთვალყურეობას მოითხოვს.
როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, პაციენტის უსაფრთხოება ხარისხიანი ჯანდაცვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია და მასზე ზრუნვა ნიშნავს ისეთი გარემოს შექმნას, სადაც: სამედიცინო მომსახურების მიღებისას რისკები მაქსიმალურად მცირდება; შეცდომების და არასასურველი შემთხვევების პრევენცია სისტემურად ხდება; პაციენტი იღებს სწორ, დროულ და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურებას; პაციენტი და მისი ოჯახის წევრები აქტიურად არიან ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. პაციენტის უსაფრთხოება კი ყველას პასუხისმგებლობაა - ჯანდაცვის სისტემის, სამედიცინო პერსონალის, პაციენტისა და საზოგადოების.