საზოგადოება
17.09.2026 11:11
ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირებაზე რეგისტაცია დღეს დაიწყო
პროექტ „სერტუსის“ (ინგლისური ენის ცოდნის დონის დასადგენ ტესტირება) ფარგლებში, ტესტირებაზე გასვლის მსურველების რეგისტრაცია ვებგვერდზე - www. online1. naec.ge დღეს, 17 სექტემბერს დაიწყო და 28 სექტემბრის 09:00 საათამდე გაგრძელდება.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, გამოცდების ეროვნული ცენტრი სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, სამსახურის მაძიებლებს და სხვა დაინტერესებულ პირებს, პროექტ „სერტუსის“ ფარგლებში, ინგლისური ენის ცოდნის დონის შეფასებისა და შესაბამისი სერტიფიკატის უმოკლეს ვადაში მიღების შესაძლებლობას აძლევს.

რაც შეეხება ტესტირების თარიღს, გამოცდა 30 სექტემბერს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ჩატარდება.

„სერტუსის“ ინგლისური ენის გამოცდა ელექტრონულ ფორმატში, თვეში ორჯერ ტარდება და სრულად შეესაბამება შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს. ტესტი ენის ცოდნის დონეს საერთო ევროპული ჩარჩოს (CEFR) შესაბამისად განსაზღვრავს.

მონაწილეს შეუძლია ჩააბაროს როგორც მთლიანად ტესტი, ისე მისი ცალკეული ნაწილი/ნაწილები. ერთი ნაწილის ჩაბარების შემთხვევაში (მაგ.: მოსმენა) მონაწილე მიიღებს შესაბამის ცნობას. სერტიფიკატი კი, რომლის მოქმედების ვადაც 3 წელია, ტესტის სრულად (ოთხივე ნაწილის) ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა. აღნიშნული სერტიფიკატი აღიარებულია საქართველოს არაერთი უმაღლესი სასწავლებლის მიერ და, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციაში კადრების შერჩევისა და შეფასების პროცესში გამოიყენება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მსურველებს, აღნიშნულთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაციის ნახვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე შეუძლიათ.

ცნობისთვის, მორიგი ტესტირება 14 ოქტომბერსაა დაგეგმილი, რომლისთვისაც რეგისტრაცია 1-ელ ოქტომბერს, 09:00 საათიდან დაიწყება და 12 ოქტომბერს, 09:00 საათზე დასრულდება.
კვირის ამბები