სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ყოფილი უფროსი გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, გეკა გელაძე თავისი ცოდნითა და გამოცდილებით მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს და სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის გელაძეს მადლობა გადაუხადა.
„გეკა გელაძე არის გამორჩეულად კეთილსინდისიერი ადამიანი, გამორჩეული პროფესიონალი. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის, ისე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში მან ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მათ შორის ორგანიზებული ნარკოტიკული და კორუფციული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში. ბატონი გეკა გელაძე დაიკავებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას. თავისი ცოდნითა და გამოცდილებით ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუნდს“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ცნობისთვის, მთავრობის მეთაურმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე სუს-ში, ამავე სამსახურის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
სუს-ის უფროსის პოსტზე წარდგენილი კანდიდატი პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს.