საზოგადოება
02.09.2026 14:05
გორის განვითარების სააგენტო მოსწავლეებისთვის პროგრამირების სასწავლო კურსის მესამე მოდულს იწყებს
პროგრამირების სასწავლო კურსის - Code-IT მესამე მოდულზე განაცხადების მიღება დაიწყო.

პროექტში მონაწილეობის მიღება 14-18 წლის ახალგაზრდებს შეუძლიათ.

კურსზე ჩასარიცხად მონაწილეებმა გორის განვითარების სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე განთავსებული სარეგისტრაციო ბმული 10 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. როგორც სააგენტოში განმარტავენ, მეორე მოდულის სერტიფიცირებული კურსდამთავრებულები შერჩევის გარეშე ჩაირიცხებიან (საკმარისია, დარეგისტრირდნენ და მათივე ანგარიშით აირჩიონ მესამე მოდული), ხოლო ახალი მონაწილეები პლატფორმაზე რეგისტრაციის და შერჩევის ეტაპების წარმატებით გადალახვის შემდეგ ჩაირიცხებიან.

რაც შეეხება სწავლის პერიოდს, 6 ოქტომრიდან დაიწყება და ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება. სალექციო პროცესში მონაწილეები ჩაერთვებიან ერთდროულად 10 ტექნოპარკსა და 6 შერჩეულ ლოკაციაზე კომპიუტერებით აღჭურვილი სივრცეებიდან. გორელი ახალგაზრდებისთვისთვის ლექციები კვირაში ორჯერ (სამშაბათს და ხუთშაბათს, 16:00-18:00 საათზე, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი, ლომჭაბუკის სკვერი) ონლაინ ჩატარდება.

„პროგრამის მესამე მოდულის ფარგლებში, მონაწილეები 16 სალექციო კურსის განმავლობაში, შეისწავლიან Next.js -ს. „Peer-to-Peer“ მიდგომით, მოსწავლეები იმუშავებენ გუნდურად და მოდულის ბოლოს ფინალურ პროექტებს შექმნიან. პროგრამის განმავლობაში, ასევე ჩატარდება ვებინარები, სადაც მოსწავლეები მიიღებენ რჩევებს და კონსულტაციებს კარიერული დაგეგმვის კუთხით. პროგრამის თითოეული მოდულის წარმატებით დასრულების შემდეგ მოსწავლეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროგრამა ხორციელდება საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ, საქართველოს ბანკთან თანამშრომლობით“ - აცხადებენ გორის განვითარების სააგენტოში.
კვირის ამბები