საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმება - ISO სტანდარტის მოწყობილობით განხორციელდება
შინაგან საქმეთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები, მართლწესრიგის დაცვის კიდევ უფრო ეფექტურად აღსრულების მიზნით, საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო - ISO 5130:2019 სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დასაშვები ნორმები საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებითაა რეგულირებული. დადგენილების თანახმად, დასახლებულ პუნქტებში, ღამის საათებში - 23:00 საათიდან 08:00 საათამდე, სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური 80 დეციბალს არ უნდა აღემატებოდეს.
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმას აღემატება, იწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულების 10 ქულით შემცირებას, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა 200 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 20 ქულით შემცირებას, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო შემთხვევა 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას და მართვის მოწმობის ქულების 30 ქულით შემცირებას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მართლწესრიგის და მოქალაქეთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების გატარებას, მათ შორის, საგზაო მოძრაობის ადმინისტრირებას და საგზაო დარღვევებზე რეაგირებას აქტიურ რეჟიმში განაგრძობენ“, - აცხადებენ უწყებაში.