გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეების ჯანმრთელობისა და სოციალური საჭიროებების მხარდაჭერას აგრძელებს.
როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში განმარტავენ, 2026 წლის აგვისტოს ჩათვლით, მუნიციპალიტეტის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით 6 523 მოქალაქის 8 051 განცხადება დაკმაყოფილდა და მოქალაქეებმა დახმარების სახით 3,5 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს.
რაც შეეხება ჯანდაცვის პროგრამას, მოიცავს ონკოლოგიური პაციენტების, სოციალურად დაუცველი მოქალაქეების, ქრონიკული და იშვიათი დაავადებების მქონე პირების, აუტიზმისა და სქოლიოზის მქონე ბავშვების, ასევე სხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარების სამედიცინო დახმარებას, მედიკამენტებით უზრუნველყოფას და რეაბილიტაციას.
სოციალური პროგრამა კი ითვალისწინებს მრავალშვილიანი ოჯახების, სოციალურად დაუცველი სტუდენტების და სპორტსმენების, შშმ პირების და სტუდენტების, ვეტერანების, ობოლი ბავშვების, მარტოხელა მშობლების, ძალადობის მსხვერპლების, ხანდაზმულების და სხვა მოწყვლადი ჯგუფების ფინანსურ მხარდაჭერას, ასევე საცხოვრებლითა და სარიტუალო მომსახურებით უზრუნველყოფას.
შეგახსენებთ, გორის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებით სარგებლობა გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ.
2026 წელს აღნიშნული პროგრამების ბიუჯეტი 4,5 მილიონი ლარითაა განსაზღვრული.