სერბი სპეციალისტი ზორან პენო „ივერიონის“ სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა - საკალათბურთო აკადემიაში ახალგაზრდების მიღება მიმდინარეობს
საკალათბურთო კლუბ „გორის ივერიონის“ მენტორობას გამოცდილი სერბი სპეციალისტი ზორან პენო გაუწევს.
მწვრთნელს ევროპულ და ქართულ კალათბურთში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. მისი ხელმძღვანელობით ზაზა ფაჩულიას აკადემიის 18-წლამდელთა გუნდი ევროლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა.
ახალი შეთანხმების თანახმად, ზორან პენო „ივერიონის“ სუპერლიგის გუნდშიც იმუშავებს და მთავარ მწვრთნელს გიორგი ჩაჩხიანს ასისტენტობას გაუწევს, რომელიც, ამჟამად, როგორც „ივერიონის“ აკადემიის, ისე სუპერლიგის მთავარი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.
საკალათბურთო კლუბის ადმინისტრაციის ინფორმაციით, „ივერიონის“ აკადემიის ასაკობრივ გუნდებში ახალგაზრდა კალათბურთელთა შესარჩევი ვარჯიშებიც მიმდინარეობს.
„მოსწავლეებს ვთავაზობთ კვალიფიციური ქართველი და უცხოელი სპეციალისტებით დაკომპლექტებულ სამწვრთნელო შტაბს, კვირაში ოთხი დღე სავარჯიშო გრაფიკს, სათამაშო პრაქტიკის ასამაღლებლად, სისტემატურ ამხანაგურ და ოფიციალურ მატჩებს, ზოგად ფიზიკურ განვითარებასა და ათლეტური უნარების დახვეწას, თითოეულ სპორტსმენთან ინდივიდუალურ მეთოდოლოგიურ მიდგომას და კარიერული წინსვლის რეალურ შესაძლებლობებს“, - აღნიშნავენ აკადემიაში.
რაც შეეხება რეგისტრაციას, დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის გავლა ონლაინ ბმულზე:
iverioni-gori.classatlas.ge/guardian/register დღეიდან, 1-ელი სექტემბრიდან, შეუძლიათ.