სპორტი
26.08.2026 15:34
საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის შეხვედრებს ოქტომბერში გამართავს - დასასწრები ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის მესამე და მეოთხე ტურის მატჩებს ოქტომბერში გამართავს.

ვილი სანიოლის გუნდი 2 ოქტომბერს, ბუდაპეშტში, უნგრეთის ნაკრებს დაუპირისპირდება, ხოლო 5 ოქტომბერს, ჩრდილოეთ ირლანდიის წინააღმდეგ ბელფასტში ითამაშებს.

აღნიშნულ მატჩებზე საქართველოს ნაკრების გულშემატკივრებისთვის განკუთვნილი ბილეთების გაყიდვა ხვალ, 27 აგვისტოს, 12:00 საათზე დაიწყება და 21 სექტემბრამდე გაგრძელდება. ორივე თამაშზე დასაწრები ბილეთების შეძენა მსურველებს ონლაინ: BILETEBI.GE-ზე შეუძლიათ. ერთ მომხმარებელს თითოეულ მატჩზე მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.
 
„უნგრეთი - საქართველოს მატჩზე დასასწრები ბილეთის ფასია 7000 უნგრული ფორინტის ეკვივალენტი ლარში, ხოლო ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველოს შეხვედრის ბილეთის ღირებულება - 40 გირვანქა სტერლინგის ეკვივალენტი ლარში. შეძენისას თითოეული ბილეთის მფლობელზე სავალდებულოა შემდეგი ინფორმაციის მითითება: სახელი და გვარი ლათინური სიმბოლოებით, დაბადების თარიღი და ადგილი, პასპორტის ნომერი, ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტის მისამართი.

აუცილებელია, რომ ბილეთის შეძენისას მითითებული ინფორმაცია სრულად შეესაბამებოდეს ბილეთის მფლობელის მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტის მონაცემებს.

შეძენილ ბილეთებს მიიღებთ BILETEBI.GE-ზე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მატჩამდე ორი დღით ადრე. სტადიონზე შესვლისას აუცილებელია წარადგინოთ ფიზიკური ან ონლაინ ბილეთი და თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.
 
 
 
 
 
 
 
 
კვირის ამბები