საზოგადოება
19.08.2026 15:21
„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ - კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება 21 აგვისტოს დასრულდება
„მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ - კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღება ორ დღეში, 21 აგვისტოს დასრულდება.

ყოველწლიური კონკურსი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით ტარდება და მიზნად ისახავს საქართველოს სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების როლისა და ჩართულობის გაძლიერებას, რაც სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინაციით მიმდინარე შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს.

რაც შეეხება მონაწილეობას, განაცხადების წარდგენის გზით, 18-დან 35 წლამდე ახალგაზრდას, ახალგაზრდების ჯგუფს ან ახალგაზრდულ ორგანიზაციას, მათ შორის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, შეუძლია.

კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია როგორც ახალგაზრდის/ახალგაზრდების ჯგუფის/ ახალგაზრდული ორგანიზაციის უშუალო განაცხადით, ისე სამოქალაქო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ან/და არანაკლებ სამი ადამიანისგან შემდგარი საინიციატივო ჯგუფის წარდგინებით.

კონკურსის შედეგად გამოვლინდება 3გამარჯვებული. თითოეულ ნომინაციაში გამარჯვებულებს სიგელები და ფულადი ჯილდო (3000 ლარი) გადაეცემათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ჯილდო გაიცემა შემდეგი ნომინაციების მიხედვით: საუკეთესო სამშვიდობო საქმიანობა, საუკეთესო სამშვიდობო იდეა და საუკეთესო სამშვიდობო გზავნილი.

„ სამივე ნომინაციის შემთხვევაში კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ზოგად პირობებს: განხორციელებული/ ანსახორციელებელი საქმიანობა სრულ შესაბამისობაში უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობასთან, შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის, მათ შორის, სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მიზნებთან, ასევე აღნიშნულ სფეროში მოქმედ სტრატეგიულ დოკუმენტებთან;

კონკურსის მიზნებისთვის, ნდობის აღდგენის იდეა/საქმიანობა უნდა გულისხმობდეს საოკუპაციო ხაზებით ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრების, ანუ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მუდმივად მაცხოვრებელი და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლე პირების ჩართულობას / დაახლოებას;

მშვიდობის მშენებლობის/ნდობის აღდგენის იდეა, საქმიანობა ან ამ თემისადმი მიძღვნილი ნაშრომი უნდა ეხებოდეს მხოლოდ საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ურთიერთობების თემას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

კონკურში მონაწილეობისთვის განაცხადი (ქართულ ენაზე) სახელმწიფო მინისტრის აპარატის ელექტრონულ მისამართზე: kkakaladze@smr.gov.ge 21 აგვისტოს ჩათვლით მიიღება.

კანდიდატებს „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ გადაცემის მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისია შეარჩევს. გამარჯვებულები 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღეს გამოვლინდებიან.

კონკურსთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებმა ტელეფონის ნომერზე: 597 18 32 19 (ქეთევან კაკალაძე) უნდა დარეკონ.

ცნობისთვის, კონკურსი სახელწოდებით „მშვიდობის ჯილდო ახალგაზრდებისთვის“ პირველად 2021 წლის 21 სექტემბერს, მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ჩატარდა და მას შემდეგ ყოველწლიურად ცხადდება.
კვირის ამბები