საპრეტენზიო განაცხადების განხილვის შედეგები, გათანაბრებული და სკალირებული ქულები ცნობილია - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საპრეტენზიო განაცხადების განხილვა დასრულდა.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საბოლოო შედეგებთან ერთად ვებგვერდზე online.naec.ge აბიტურიენტებს შესაძლებლობა აქვთ, ნახონ გათანაბრებული და სკალირებული ქულებიც.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს: იმ საგნებში, რომლებშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, ხდება ნედლი ქულების გათანაბრება, რის შედეგადაც, ის აბიტურიენტი, რომლის გათანაბრებული ქულაც მინიმალურ ზღვარზე მეტია, აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
ცენტრი, ასევე სთხოვს აბიტურიენტებს გაითვალისწინონ, რომ საგანმანათლებლო პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა 20 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება“, - ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრებას, გადაწყვეტილების გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში (მის.: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64).