საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო
2026 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ საპრეტენზიო განაცხადით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.
როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება. ხოლო საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე - online.naec.ge დღეიდან, 19 აგვისტოს 10:00 საათიდან, 21 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.
რაც შეეხება საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქციას, დაინტერესებულმა პირმა გასაჩივრების საფასური უნდა გადაიხადოთ საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე.
საგნის გასაჩივრების საფასური კი 50 ლარია (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება).
„გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებებია:
„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმა bogpay.ge (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით);
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალი (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი);
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგი - ibank.ge (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი);
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაცია - mBank (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი);
გამოსაცდელს, რომელიც 21 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს საპრეტენზიო განაცხადს, განცხადების საფუძველზე თანხა დაუბრუნდება. ასევე, თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.