საზოგადოება
18.08.2026 10:35
მასწავლებლის გამოცდების მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო
2026 წლის საგნის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის და საბაზო პროფესიული უნარების გამოცდების მონაწილეებს, რომლებიც მიღებულ შეფასებას არ ეთანხმებიან, შესაძლებლობა აქვთ, საპრეტენზიო განაცხადით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ.

როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, გამოსაცდელს შეუძლია გაასაჩივროს როგორც ერთი, ისე რამდენიმე დავალება, ხოლო საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულად, ვებგვერდზე online.naec.ge დღეიდან, 18 აგვისტოს 10:00 საათიდან, 20 აგვისტოს 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

რაც შეეხება საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქციას, დაინტერესებულმა პირმა გასაჩივრების საფასური საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე უნდა გადაიხადოთ. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური კი 50 ლარია (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება).

„გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ გამოსაცდელი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი.

გადახდის შესაძლო საშუალებებია:

„საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმია bogpay.ge (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით);
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალი (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი);
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგი - ibank.ge (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი);
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაცია - mBank (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი.
გამოსაცდელს, რომელიც 20 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს საპრეტენზიო განაცხადს, განცხადების საფუძველზე თანხა დაუბრუნდება. ასევე, თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად ქულის ცვლილების (მომატების ან დაკლების) შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
კვირის ამბები