„ლიახვის ხეობის ფოლკლორი“ - ალექსანდრე მღებრიშვილის ავტორობით, ახალი წიგნი დაიბეჭდა
გორის უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ალექსანდრე მღებრიშვილის ავტორობით ახალი წიგნი - „ლიახვის ხეობის ფოლკლორი“ დაიბეჭდა.
წიგნი-მონოგრაფია დიდი ფორმატის ვრცელ (904 გვ.) შრომას წარმოადგენს, რომელშიც წარმოდგენილია მასალები ლიახვის ხეობის ოკუპირებული ნაწილის ფოლკლორული მემკვიდრეობიდან. განხილულია, ასევე შემდეგი ძირითადი საკითხები:
ფოლკლორისტიკის ძირითადი ტენდენციები და ლიახვის ხეობის ფოლკლორული მემკვიდრეობის შესწავლის როლი და მნიშვნელობა, ქართული ზეპირსიტყვიერების პირველი შემგროვებელი ლიახვის ხეობაში, ხალხური ლექსის სპეციფიკა და თავისებურებანი, 1238 ანდაზა და გამონათქვამი დავით კასრაძის კოლექციიდან, თქმულებები და გადმოცემები პროფესორ იოსებ მეგრელიძის კოლექციიდან, თქმულებები, გადმოცემები და ლეგენდები ლიახვის ხეობის ზეპირსიტყვიერებაში, ლიახვის ხეობის ზღაპრის სტრუქტურული აგებულება, არქიტექტურული მოდელები, საკუთარი სახელების გამოყენების ტენდენცია და სხვა.
როგორც წიგნის ავტორი აღნიშნავს, წიგნში დაბეჭდილი მასალა ლიახვის ხეობის ოკუპირებული ნაწილის ფოლკლორული ტიპის ტექსტების მონოგრაფიული შესწავლის, რეგიონის ლიტერატურული და კულტურული ცხოვრების ისტორიის უცნობი, ან ნაკლებად ცნობილი ფურცლების წინა პლანზე წამოწევის პირველი მცდელობაა, რაც ხელს შეუწყობს ლიახვის ხეობის ისტორიის, კულტურული ტრადიციების შენახვას და მათ ობიექტურ შეფასებას.
„ნაშრომის პირველ ნაწილში გამოკვლეულია პერიოდი XIX საუკუნის საქართველოს ისტორიიდან, როდესაც ქვეყანაში გამძაფრდა ინტერესი, ფართოდ გაიშალა ფოლკლორული მასალის კვლევა-ძიების სამუშაოები და ეროვნული ფოლკლორისტიკისადმი დამოკიდებულება ახალ ეტაპზე გადავიდა.
ამასთან, ნაჩვენებია ის გარემო, თუ როგორ აუწყო ფეხი განვითარებულ მოვლენებს ლიახვის ხეობის მკვიდრმა ინტელიგენციამ და რა როლი შეასრულა მათმა მოძიებულმა, ჩაწერილმა და გამოქვეყნებულმა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებმა რეგიონის ლიტერატურულ-კულტურული ცხოვრების ისტორიასა და, ზოგადად, ქართულ ფოლკლორისტიკაში.
ნაშრომის მეორე ნაწილში, საკითხის სრულად წარმოჩენისთვის, მკითხველის სამსჯავროზე გამოტანილია ტექსტები დავით კასრაძის და იოსებ მეგრელიძის ფოლკლორული კოლექციებიდან. წინა პლანზეა წამოწეული 1962 წელს ლიახვის ხეობაში განხორციელებული ფოლკლორული ექსპედიციის მასალები“, - აღნიშნავს ალექსანდრე მღებრიშვილი.