საჯარო დაწესებულებებში ახალგაზრდები ანაზღაურებად სტაჟირებას გაივლიან - განაცხადების მიღება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების სახელმწიფო პროგრამა იწყება.
მთავრობის მეთაურმა შესაბამის დადგენილებას უკვე მოაწერა ხელი და დოკუმენტის მიხედვით, საჯარო დაწესებულებებში, ასევე საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, დასაქმების მსურველთა განაცხადების მიღება 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება და 10 სექტემბერს დასრულდება.
გამოცხადებული კონკურსების შესაბამისად კი სტაჟირებაზე განაცხადის წარდგენა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებულ ვებგვერდზე − www. vacancy.hr.gov.ge განხორციელდება.
რაც შეეხება მონაწილეობას, სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელმაც იცის სახელმწიფო ენა, სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე (დამამთავრებელი სასწავლო წლის შემთხვევაში), ან მეორე საფეხურზე, ან დასრულებული აქვს უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხური 2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში.
შერჩევის კრიტერიუმად კი განისაზღვრა სტაჟირების მსურველი პირის აკადემიური მოსწრება (ქულათა სისტემა - 71 - 100 ქულის მაჩვენებელი ან/და GPA - 2.7 - 4.0). ამასთან, უწყებები, სტრუქტურული ერთეულის სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ სტაჟიორთა დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება - განაცხადების გადარჩევა და გასაუბრება. სტაჟირების მსურველ პირს შეაფასებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შექმნილი კომისია. თანაბარი კანდიდატების შემთხვევაში, გასაუბრებისას უპირატესობა უმაღლესი აკადემიური მოსწრების კანდიდატებს მიენიჭებათ. შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას 2026 წლის 1-ელი ოქტომბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გაივლიან.
იმ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირება, სადაც მუშაობა საჯარო სამსახურად ითვლება, საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება, ხოლო საჯარო დაწესებულების სისტემაში შემავალ საჯარო ან/და კერძო სამართლის იურიდიულ პირში სტაჟირება - საერთო სტაჟში/სამუშაო გამოცდილებაში.