საზოგადოება
14.08.2026 12:17
გორის მუნიციპალიტეტში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საბავშვო ბაღი აშენდება
გორის მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, საბავშვო ბაღების მშენებლობა ქვეყნის 6 რეგიონის 19 მუნიციპალიტეტშია დაგეგმილი და 36 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის ტენდერი უკვე გამოცხადებულია.

უწყების ინფორმაციით, შესყიდვების ფარგლებში გათვალისწინებულია საბავშვო ბაღების დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის კორექტირება და შემდგომ, აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე, სამშენებლო სამუშაოების შესრულება.

პროექტების საერთო საორიენტაციო ღირებულება კი 100 მილიონ ლარს შეადგენს.

„პროექტები მოიცავს გორის, ქარელის, კასპის, გურჯაანის, საგარეჯოს, ადიგენის, ყვარლის, ლაგოდეხის, ახმეტის, მარტვილის, აბაშის, ხობის, სიღნაღის, ზუგდიდის, ნინოწმინდის, ბორჯომის, წალკის, სამტრედიის და ხონის მუნიციპალიტეტებში საბავშვო ბაღების მშენებლობას.

პროექტების განხორციელების შედეგად ქვეყნის მასშტაბით აშენდება 36 საბავშვო ბაღი, სადაც 2000-მდე ბავშვისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და კომფორტული გარემო შეიქმნება.

საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ფონდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. აღნიშნული 36 ბაღის გარდა, ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად იგეგმება სხვადასხვა მუნიციპალიტეტში ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა.

აღნიშნული პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის განვითარებას და ბავშვებისთვის სათანადო პირობების შექმნას“, - ნათქვამია ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები