საზოგადოება
13.08.2026 12:47
სკოლის მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის პროგრამის დეტალები ცნობილია
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, „სკოლის მოსწავლეების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოებით უსასყიდლოდ უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა“ დამტკიცდა.

დოკუმენტის თანახმად, რომელსაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 11 აგვისტოს მოაწერა ხელი, განისაზღვრა სახელმძღვანელოების გადაცემაზე პასუხისმგებელი ორგანო და ჩამონათვალი, თუ ვინ მიიღებს სახელმძღვანელოებს უსასყიდლოდ.

პროგრამის ფარგლებში სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცემათ:

საჯარო სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);

კერძო სკოლების იმ მოსწავლეებს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა, ყოველი წლის პირველი მარტის მდგომარეობით, 70 001 ქულაზე ნაკლებია;

ახალგორის მუნიციპალიტეტის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული იმ სკოლების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), სადაც სწავლება ხორციელდება ქართულ ენაზე;

ოკუპირებული გალის რაიონის ენგურსმოსაზღვრე 9 (ცხრა) სკოლის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ასევე ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი სკოლების I კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით), ქართული ენისა და ლიტერატურის, საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სახელმძღვანელოები II − XI კლასების მოსწავლეებსა და მასწავლებლებს (სამინისტროს მიერ განსაზღვრული საგნისა და კლასის მიხედვით);

კერძო სკოლების პირველი კლასის მოსწავლეებს (მხოლოდ დედაენის სახელმძღვანელოები);

კერძო სკოლების მოსწავლეებს, რომლებიც არიან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების შვილები;

სამინისტროსა და სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, მოთხოვნის შესაბამისად.
კვირის ამბები