საზოგადოება
12.08.2026 15:44
საგანმანათლებლო პროგრამებთან დაკავშირებით, 2026 წლის ცნობარში ცვლილებები შევიდა - რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აბიტურიენტებისთვის 2026 წლის ცნობარის განახლებული, საბოლოო ვერსია გამოაქვეყნა.

კერძოდ, უმაღლესი განათლების რეფორმის ფარგლებში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, 2026-2027 სასწავლო წლიდან რიგი მიმართულების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნაცვლად, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი განახორციელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული პროგრამებია:
აგროინჟინერია - 0120120;
სასურსათო ტექნოლოგია -0120123;
გარემოსდაცვითი ინჟინერია - 0120121;
აგრარული ტექნოლოგიები - 0120125;
სატყეო საქმე - 0120119;
მეცხოველეობა - 0120127;
ნიადაგისა და წყლის რესურსების ინჟინერია - 0120122;
აგრონომია - 0120126;
სურსათის მეცნიერება და ტექნოლოგია - 0120124;
მევენახეობა და ენოლოგია - 0120118;
ვეტერინარია - 0120130.

„სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი წელს, ასევე განახორციელებს შემდეგ პროგრამას:
პროგრამული უზრუნველყოფის ინჟინერია - დრონის ტექნოლოგიები და აგროსისტემები - 0120128;
ცვლილება განხორციელდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიდევ ერთ საბაკალავრო პროგრამასთან დაკავშირებით: უნივერსიტეტის აფხაზური ფილოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება შესაბამისობაში იქნა მოყვანილი აკრედიტაციით განსაზღვრულ სახელწოდებასთან და ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: ⁠„ქართული და აფხაზური ენა და ლიტერატურა“ - 0120129.

ცვლილებები სხვა უნივერსიტეტებსაც შეეხო.

სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ახალციხისა და ახალქალაქის ფილიალებში დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: 0140117; 0140118.

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაემატა ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა: 0970111.
ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას იხელმძღვანელონ ცნობარის ბოლო ვერსიაში ასახული ოფიციალური ინფორმაციით და გაითვალისწინონ პროგრამებთან დაკავშირებული განახლებები.

პროგრამების მოძიებას აბიტურიენტები თითოეული პროგრამისთვის მინიჭებული კოდის მეშვეობით შეძლებენ“, - აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები