საზოგადოება
12.08.2026 15:42
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის წესი დამტკიცდა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფის, ფორმების შეძენის, უსასყიდლოდ გადაცემის და დაბრუნება-გაცვლის წესი განსაზღვრა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სასკოლო ფორმები უკვე საქართველოშია და პირველ ეტაპზე მოწოდებული რაოდენობა სრულად უზრუნველყოფს ქვეყნის მასშტაბით პირველკლასელებისთვის სასკოლო ფორმების მიწოდებას. ამ ეტაპზე ფორმების დასაწყობება მიმდინარეობს, უახლოეს დღეებში კი მათი მიწოდება დაიწყება დიდ ქალაქებსა და რეგიონებში.

სასკოლო ფორმების შეძენა კი შესაძლებელი იქნება რეალიზაციის პუნქტებსა და ონლაინ, ვებგვერდის მეშვეობით. ფორმის შეძენისას გადახდა მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით განხორციელდება. ფიზიკურ პუნქტებში შესაძლებელი იქნება საბანკო ბარათით გადახდა.

„უახლოეს პერიოდში საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება, სად გაიხსნება სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტები სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონებში.

სასკოლო ფორმის შეცვლა ან დაბრუნება შესაძლებელი იქნება მისი მიღებიდან ან შეძენიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში. ამისთვის მშობელმა შესაბამისი ქვითარი უნდა წარადგინოს.

რაც შეეხება ფორმების უსასყიდლოდ მიღებას, უსასყიდლოდ მიიღებენ: საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ის მოსწავლეები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახების სარეიტინგო ქულა 65 001 ქულაზე ნაკლებია;

მოსწავლეები, რომლებიც იმყოფებიან სახელმწიფო ზრუნვაში, მათ შორის, ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში, განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში, ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრების მომსახურებაში ან განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;

მოსწავლეები, რომლებიც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიღების გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში“, - აღნიშნულია შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები