საზოგადოება
12.08.2026 10:37
მთავრობამ საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც მთელ რიგ პრევენციულ ზომებს ითვალისწინებს
საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა საგზაო უსაფრთხოების 2026-2030 წლების ეროვნული სტრატეგია, რომლის თანახმადაც მთელი რიგი ცვლილებების ამოქმედება იგეგმება, მათ შორის, შესაძლოა, უსაფრთხოების ღვედების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს.

ამასთან, შესაძლოა, მძღოლებს ავტომობილში ე.წ. ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების დაყენების ვალდებულება დაეკისროთ, რაც ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში, მათ არ მისცემს საშუალებას, სატრანსპორტო საშუალების ძრავა აამოქმედონ.

ასევე გათვალისწინებულია ახალბედა მძღოლებისთვის სპეციალური გამოსაცდელი პერიოდის დაწესება.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია, რომელიც საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა, დაფუძნებულია მთელ რიგ კვლევებზე. აღნიშნული კვლევების თანახმად,
ერთ-ერთი კვლევის თანახმად, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 18%-ზე მეტი 4 წლამდე გამოცდილების მქონე მძღოლების ბრალეულობით ხდება, შესაბამისად, ახალი რეგულაცია ემსახურება ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციას და პასუხისმგებლობის მაღალი სტანდარტის ჩამოყალიბებას.

,,ახალბედა მძღოლები საგზაო მოძრაობის მომეტებულ რისკის წყაროს წარმოადგენენ. ზემოაღნიშნული ფაქტორი რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, მათ აკლიათ პრაქტიკული გამოცდილება, რის გამოც უჭირთ საფრთხის წინასწარ განსაზღვრა და რთულ საგზაო სიტუაციებში გადაწყვეტილების სწრაფად მიღება. ამასთან, არასაკმარისი გამოცდილება მოიაზრებს მართვის ტექნიკასთან დაკავშირებულ სირთულეებს, რაც ზრდის სატრანსპორტო საშუალების მართვისას შეცდომების დაშვების ალბათობას. შედეგად, გამოცდილების ნაკლებობისა და ქცევითი თავისებურებების ერთობლიობა ახალბედა მძღოლებს მაღალრისკიან კატეგორიად აქცევს“, - აღნიშნულია სტრატეგიაში.

ინფორმაციისთვის: ევროკავშირში 2025 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს ახალბედა მძღოლებისთვის მინიმუმ ორწლიანი გამოსაცდელი პერიოდის დაწესებას, რომლის განმავლობაშიც მძღოლის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევები გამოიწვევს მეტად მკაცრ სანქცირებას.

რაც შეეხება უსაფრთხოების ღვედებს, შესაძლოა, ღვედების გამოყენება სატრანსპორტო საშუალებების უკანა სავარძელზეც სავალდებულო გახდეს.

,,კვლევების მიხედვით, უკანა სავარძელზე მყოფი მგზავრების მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც თავად აღნიშნული მგზავრების, ისე წინა სავარძელზე მყოფი პირების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვაში. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ავტომობილის უკანა სავარძელზე უსაფრთხოების ღვედების გამოყენების სავალდებულო წესის დამკვიდრება და მისი შესაბამისი რეგულირება“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

ცვლილებების განხორციელება იგეგმება საბავშვო სავარძლების გამოყენების საკითხთან დაკავშირებითაც.

საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიის საფუძველზე დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, საბავშვო სავარძლების გამოყენება სავალდებულო გახდება სკოლამდელი ასაკის ბავშვებისთვის.

ამასთან, ელექტროსკუტერის მომხმარებელთა შორის საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებისა და ფატალური შედეგების გლობალური ზრდის დინამიკის გათვალისწინებით, შემუშავდება შესაბამისი რეკომენდაციები.

კიდევ ერთი რეგულაცია, რომელზე სტრატეგიის დოკუმენტშია საუბარი, ალკოჰოლური თრობის ქვეშ ავტომობილის მართვას ეხება. შესაძლოა, მძღოლებს ავტომობილში ე.წ. ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების დაყენების ვალდებულება დაეკისროთ, რაც ალკოჰოლური თრობის შემთხვევაში, მათ არ მისცემს საშუალებას, სატრანსპორტო საშუალების ძრავა აამოქმედონ. ,,გაგრძელდება მუშაობა ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვასთან დაკავშირებით, როგორიცაა ავტომობილში ე.წ. „ალკოჰოლური ბლოკირების მოწყობილობების“ (Alcohol Interlocks) იმპლემენტაცია, რომლებიც მძღოლს არ აძლევს სატრანსპორტო საშუალების ძრავის ამოქმედების საშუალებას, იმ შემთხვევაში, თუ მის ორგანიზმში ალკოჰოლის შემცველობა აღემატება კანონმდებლობით დასაშვებ ნორმას“, - აღნიშნულია საგზა უსაფრთხოების სტრატეგიაში.

,,განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში ავტომობილის მართვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების გამოვლენის შესაძლებლობების გაძლიერებას, მათ შორის ქვეყნის მასშტაბით ნარკოტიკული საშუალებების გამოვლენის სპეციალური ტექნიკური საშუალებების ეტაპობრივ დანერგვასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადებას მსგავსი მდგომარეობის მქონე მძღოლების იდენტიფიცირების გაუმჯობესების მიზნით“, - ნათქვამია დოკუმენტში.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობამ 5 აგვისტოს მიღებული დადგენილებით დაამტკიცა 2026-2030 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგია, რომელიც მძღოლების, მგზავრების და ქვეითების უსაფრთხოებაზეა ორიენტირებული და მთელ რიგ პრევენციულ რეგულაციებს ითვალისწინებს.
კვირის ამბები