
11 აგვისტოს საქართველოში სამხედრო მედიცინის დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირეით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე დავით კუპატაძე, გენშტაბის წარმომადგენლებთან ერთად, გორში, სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც სამედიცინო დაწესებულების მედიკოსებს პროფესიული დღე მიულოცა და ჰოსპიტლის დირექტორთან ერთად, გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ ექიმთა მემორიალი.
„საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ირაკლი ჭიჭინაძე, გორში, სსიპ გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალს ესტუმრნენ და მედიკოსებს სამხედრო მედიცინის დღე მიულოცეს.
მინისტრის მოადგილემ და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეებმა, ჰოსპიტლის დირექტორთან კობა შანავასთან ერთად, სამხედრო ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მდებარე მემორიალი გვირგვინით შეამკეს და საბრძოლო მოქმედებებში დაღუპული სამხედრო ექიმების ხსოვნას პატივი მიაგეს.
დავით კუპატაძე ჰოსპიტლის ექიმებსაც შეხვდა, სამხედრო მედიცინის დღე მიულოცა და თავდაცვის ძალების ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სამხედრო ჰოსპიტალი ავრცელებს.