ინოვაციური მედიკამენტი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის - ჯანდაცვის სამინისტრო „ტრიკაფტას“ შეისყიდის
ჯანდაცვის სამინისტრო ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტ „ტრიკაფტას“ შეისყიდის, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, მედიკამენტი ავტორიზებულია აშშ-ის სურსათისა და წამლის ადმინისტრაციისა (FDA) და ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) მიერ 2 წლისა და უფროსი ასაკის იმ პაციენტებისთვის, რომელთა გენეტიკური მუტაციები შეესაბამება დამტკიცებულ ჩვენებებს. მედიკამენტის შეძენისთვის კი ხელშეკრულება პრეპარატის მწარმოებელ ამერიკულ ბიოფარმაცევტულ კომპანია „ვერტექს ფარმასიუტიკალსთან“ უკვე გაფორმებულია.
„ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც, როგორც წესი, ბავშვობის ასაკში ვლინდება და ძირითადად ფილტვებს და საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს. ხშირია სასუნთქი გზების ინფექციები, დროთა განმავლობაში კი მნიშვნელოვნად უარესდება ფილტვების ფუნქცია და ჯანმრთელობის მდგომარეობა. მუდმივი მკურნალობის აუცილებლობა და დაავადებით გამოწვეული შეზღუდვები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვების ყოველდღიურ ცხოვრებასა და განვითარებაზე. შესაბამისად, თანამედროვე თერაპიის ხელმისაწვდომობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
პრეპარატი უშუალოდ მოქმედებს დაავადების გენეტიკურ მიზეზზე, უზრუნველყოფს ფილტვის ფუნქციური მაჩვენებლების მკვეთრ გაუმჯობესებასა და პროგრესირებადი დაზიანების შეჩერებას. შედეგად, არსებითად მცირდება ინფექციური გართულებების რისკი, ჰოსპიტალიზაციის საჭიროება და ფილტვის ტრანსპლანტაციის აუცილებლობა. მედიკამენტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ნუტრიციულ სტატუსსა და ცხოვრების ხარისხს, რაც პაციენტებს საშუალებას აძლევს, იცხოვრონ უფრო აქტიური, ხანგრძლივი და სრულფასოვანი ცხოვრებით.
ახალი მედიკამენტით მკურნალობა დაავადების გამწვავებას და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას 80%-მდე ამცირებს, რაც არა მხოლოდ კვლევებით, არამედ კლინიკური პრაქტიკით და მტკიცებულებებით დადასტურებულია.
ტრიკაფტა“ 2025 წლის სექტემბერში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელ მედიკამენტების ნუსხაში (WHO Essential Medicines List) შევიდა, რაც ადასტურებს მის მნიშვნელოვან როლს ცისტური ფიბროზის თანამედროვე მკურნალობაში“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.