საზოგადოება
07.08.2026 23:00
რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. გორში, რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან, სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის მერი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, ხელისუფლების სხვა წევრები და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ.

შეკრებილებმა პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას და მემორიალი გვირგვინით შეამკეს. ტრადიციულად, გაიმართა სანთლების აქციაც. ,,უკვე 18 წელი გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან, ეს თარიღი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში მტკივნეული, ტრაგიკული და ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმეა. სამწუხაროდ, დავკარგეთ ტერიტორიები, ჩვენმა მოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრებელი სახლები და ათასობით ადამიანი იქცა დევნილად. მე დარწმუნებული ვარ და მჯერა, რომ ჩვენ მშვიდობიანი გზით დავიბრუნებთ ტერიტორიებს. ქედს ვიხრი ჩვენი გმირი სამხედროების, პოლიციელების და იმ მშვიდობიანი მოქალაქეების ხსოვნის წინაშე, ვინც ამ ომს შეეწირა, ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ მშვიდობიანი გზით ჩვენ დავიბრუნებთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებს და ჩვენს მოძმე აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან ვიქნებით თანაცხოვრებაში“, - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა შიდა ქართლში სიმონ გულედანმა.

,,დღევანდელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის უმძიმესი, განსაკუთრებით, გორის მუნიციპალიტეტისთვის და ჩვენი ხეობისთვის. დღეს, ტრადიციულად, შევიკრიბეთ მემორიალთან, რათა პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, მივუსამძიმროთ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს. მინდა, ჩვენს ქვეყანას ვუსურვო გაძლიერება, გაერთიანება და მშვიდობა“, - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ.

რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით, 8 აგვისტოს, გორში, 11 აგვისტოს კი შინდისში, შინდისის გმირების მემორიალთან არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის ძალების 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო და სამოქალაქო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, საიდანაც 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.
კვირის ამბები