„GM Fest 2026“ - ტანის ხეობამ ქართულ-იაპონური ტექნოლოგიური ფესტივალის გახსნის ღონისძიებას უმასპინძლა
ტანის ხეობაში ქართულ-იაპონური ტექნოლოგიური ფესტივალი - „GM Fest 2026“ ოფიციალურად გაიხსნა.
ღონისძიების ფარგლებში ღია ცის ქვეშ ქართული და იაპონური კულტურის გამოფენა-პრეზენტაცია მოეწყო. მონაწილეებმა სტუმრებს ორივე ქვეყნის ეროვნული სამზარეულო, ტრადიციული სამოსი, ხელოვნება, კულტურული მემკვიდრეობა და შემოქმედებითი მიმართულებები წარუდგინეს.
ფესტივალზე მისულმა მაყურებელმა ქართულ-იაპონური ურთიერთობების ჭრილში წარმოდგენილი სპორტის ის იაპონური სახეობები იხილა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს სასპორტო სკოლებში ისწავლება. კერძოდ, საჩვენებელი გამოსვლები გამართეს შოთა ჩოჩიშვილის და გურამ პაპიტაშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლების ძიუდოს, კარატეს და სუმოს სპორტსმენებმა და მწვრთნელებმა.
ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილი ტექნოლოგიურ ინოვაციებს დაეთმო. პროგრამა მოიცავდა პრეზენტაციებს, მასტერკლასებს და პრაქტიკულ აქტივობებს შემდეგ მიმართულებებში: რობოტიკა და ხელოვნური ინტელექტი; ვირტუალური რეალობა (VR); პროგრამირება და კიბერუსაფრთხოება; თანამედროვე ტექნოლოგიები.
ფესტივალის გახსნას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნციცპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე და ადგილობრივი თვითმმართელობის წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 300-მდე ახალგაზრდა და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
ცნობისთვის, ღონისძიება ა(ა)იპ „საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის“ ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
პროექტი ახალგაზრდობის სააგენტოს საგრანტო კონკურსის - „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“, ფარგლებში ხორციელდება.