სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით შემოწმებას ახორციელებს - საზამთროს და ნესვის ნიმუშებში ნიტრატების შემცველობაზე დარღვევა არ გამოვლინდა
სურსათის ეროვნული სააგენტო, სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს ნიტრატების შემცველობაზე ამოწმებს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მონიტორინგის სახელმწიფო კონტროლის პროგრამის ფარგლებში ბაღჩეულ კულტურებს - საზამთროს და ნესვს, ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ და დღეის მდგომარეობით, 50 ნიმუშია გამოკვლეული.
„სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან აღებული და აკრედიტებულ ლაბორატორიაში საზამთროს და ნესვის 50 ნიმუშია გამოკვლეული. კვლევის შედეგებით კი ნიტრატები კანონმდებლობით დადგენილ ნორმას (საზამთრო-60 მგ.კგ ნესვი-90 მგ.კგ) არ აღემატება.
სეზონის გათვალისწინებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ბაზარზე ბაღჩეული კულტურების კვლევას რეგულარულად ჩაატარებს“, - აცხადებენ სააგენტოში.