ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს დაიწყო
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისთვის საპრეტენზიო განაცხადების მიღება დღეს, 4 აგვისტოს 10:00 საათიდან დაიწყო და 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გაგრძელდება.
მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს განაცხადებით მიმართონ. საპრეტენზიო განაცხადები კი მხოლოდ ელექტრონულად, ვებგვერდზე: online.naec.ge მიიღება.
რაც შეეხება საპრეტენზიო განაცხადის შევსების ინსტრუქციას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გასაჩივრების საფასური უნდა გადაიხადოთ საპრეტენზიო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასური კი 50 ლარია (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში, განცხადების საფუძველზე თანხა უკან დაბრუნდება).
„გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა - პირადობის (ბინადრობის) მოწმობის ან პასპორტის სერია და ნომერი.
გადახდის შესაძლო საშუალებებია: „საქართველოს ბანკის“ გადახდების პლატფორმა bogpay.ge (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი + 1,2%. გადახდა შესაძლებელია ნებისმიერი ქართული ბანკის ბარათით);
„საქართველოს ბანკის“ თვითმომსახურების ტერმინალით (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0,5 ლარი);
„საქართველოს ბანკის“ ინტერნეტბანკინგი - ibank.ge (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი);
„საქართველოს ბანკის“ მობილური აპლიკაცია - mBank (საფასურს ემატება მომსახურების საკომისიო 0.5 ლარი).
გამოსაცდელს, რომელიც 6 აგვისტოს 18:00 საათამდე გააუქმებს საპრეტენზიო განაცხადს, განცხადების საფუძველზე თანხა დაუბრუნდება. ასევე, თანხა სრულად დაბრუნდება გამოსაცდელის ანგარიშზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის შედეგად ქულის ცვლილების შემთხვევაშიც. თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გამოქვეყნდება“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.