გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ბაკურიანში „საზაფხულო ბანაკი 2026“ გაიხსნა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ბაკურიანის საზაფხულო ბანაკში მონაწილეთა პირველი ნაკადი უკვე გაემგზავრა და 50 ახალგაზრდა ბანაკში 6 სრულ დღეს გაატარებს.
რაც შეეხება პროექტს, „საზაფხულო ბანაკი 2026“-ში მონაწილეობას გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული, კონკურსის წესით შერჩეული 16-დან 21 წლამდე ახალგაზრდები იღებენ. პროექტის ფარგლებში კი, ბაკურიანში ახალგაზრდების 4 ნაკადი გაემგზავრება.
„ბანაკის მონაწილეებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგი და აქტივობა, მათ შორის: ემოციების მართვა და ეფექტური კომუნიკაცია; პროფესიული ორიენტაცია და კარიერის დაგეგმვა; მედიაწიგნიერება; პროექტების წერა; ციფრული უსაფრთხოება; ხელოვნური ინტელექტი.
საგანმანათლებლო პროგრამასთან ერთად, ახალგაზრდები ჩაერთვებიან შემეცნებით, კულტურულ, სპორტულ და გასართობ აქტივობებში“, - აღნიშნავენ გორის მეროაში.
შეგახსენებთ, პროექტს ა(ა)იპ „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრია“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.