სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს - „ჯივინოსტატს" შეიძენს
სახელმწიფო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს - „ჯივინოსტატს“ ყიდულობს, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, იტალიურ კომპანია „იტალფარმაკოსთან“ „ჯივინოსტატის“ შეძენის შესახებ ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და საქართველო მსოფლიოში იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც აღნიშნულ მედიკამენტს შეიძენს და დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში შეიტანს.
„მადლობა მინდა გადავუხადო მშობლებს, რომლებიც სახელმწიფოს დაეხმარნენ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში. მშობლებთან თანამშრომლობის გაგრძელება სამინისტროსთვის ძალზე მნიშვნელოვანია დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის ეფექტიანად მართვის პროცესში.
მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს მისი გადაწყვეტილებისთვის და პირადი ჩართულობისთვის, რამაც გახადა შესაძლებელი პროცესის წარმატებით წარმართვა და ბოლომდე მიყვანა.
ასევე, მადლობას ვუხდი საგარეო საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს გუნდს, რომელიც ჩართული იყო მოლაპარაკებების პროცესში.
რაც შეეხება მეორე მედიკამენტს, რომელზეც იყო საუბარი ადრე, მინდა აღვნიშნო, რომ მოლაპარაკებები რამდენიმე მიმართულებით კვლავ გრძელდება და ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს მომავალში წარმატებით დასრულდება, რასთან დაკავშირებითაც საზოგადოებას ინფორმაციას გავუზიარებთ. საზოგადოებას მივაწვდით, ასევე ინფორმაციას დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების შესახებ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი „ჯივინოსტატი" 6 წლის ასაკიდან, გადაადგილების უნარის მქონე პაციენტთათვისაა განკუთვნილი.