საქართველოს მთავრობამ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დაამტკიცა
საქართველოს მთავრობის დადგენილებით სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი დამტკიცდა, რომელიც 2026–2027 სასწავლო წლიდან ეტაპობრივად ამოქმედდება.
მოდელი მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობით შემუშავდა და ორ ძირითად კომპონენტს - საბაზო და შესრულებაზე დაფუძნებულ დაფინანსებას მოიცავს.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით, საბაზო დაფინანსება გულისხმობს დაფინანსების განსაზღვრას აკადემიური პროგრამების განსხვავებული ღირებულების შესაბამისად, სწავლის სფეროების და უმაღლესი განათლების საფეხურების - ბაკალავრიატის და მაგისტრატურის მიხედვით. ამასთან, უნივერსიტეტების დაფინანსებისას გათვალისწინებული იქნება სტუდენტთა რაოდენობაც, რაც სასწავლო პროცესთან და სტუდენტების მომსახურებასთან დაკავშირებული საბაზო ხარჯების დაფარვას უზრუნველყოფს.
საბაზო დაფინანსებას ეტაპობრივად დაემატება შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის შესრულების შედეგებზე იქნება ორიენტირებული. ეს მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: განათლების ხარისხი და ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობა; კვლევის, განვითარებისა და ინოვაციების ხარისხის გაუმჯობესება; ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობა; რეგიონული განვითარების ხელშეწყობა და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა.
შესრულებაზე დაფუძნებული დაფინანსების კომპონენტი თითოეულ სახელმწიფო უნივერსიტეტს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ეროვნული მიზნების მიღწევაში და მუდმივად იყოს განათლების ხარისხის განვითარებაზე ორიენტირებული.
„სამინისტრო სახელმწიფო უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით, თითოეული უნივერსიტეტის მისიის, მიზნების, პროფილის და რესურსების გათვალისწინებით, ინდივიდუალურად განსაზღვრავს სახელშეკრულებო დაფინანსების პირობებს.
ახალი მოდელი სახელმწიფო უნივერსიტეტებს ხელს შეუწყობს, განავითარონ რელევანტური საგანმანათლებლო პროგრამები, უზრუნველყონ სწავლების მაღალი ხარისხი და აკადემიური, ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალისთვის ღირსეული სამუშაო პირობების და კონკურენტუნარიანი ანაზღაურების უზრუნველყოფა.
უმაღლესი განათლების რეფორმის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის ზრდა. ახალი მოდელის დანერგვა სწორედ ამ მიზანს ემსახურება - სახელმწიფო დაფინანსება მიმართული იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის და ხელმისაწვდომობის ზრდისკენ, უნივერსიტეტების კვლევითი პოტენციალის გაძლიერების და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების გრძელვადიანი ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისკენ.
დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვის პირველი ეტაპისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებით 42 მილიონი ლარი გამოიყოფა და 2027 წელს უმაღლესი განათლების დაფინანსების საერთო მოცულობა 170 მილიონ ლარს მიაღწევს.
დაფინანსების ახალ მოდელზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად რამდენიმე წელია მუშაობს. ახალი მოდელი სისტემაში არსებული საჭიროებების სიღრმისეული ანალიზის, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლის და საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების ჩართულობით, პროექტის - „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი - საქართველო I2Q (WB)“- ფარგლებში შემუშავდა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.