რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა იქმნება, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს
საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში ცვლილებები იგეგმება, როგორც მთავრობის ხელმძღვანელმა აღნიშნა, შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს, ამასთან, მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.
ირაკლი კობახიძემ პარლამენტს თხოვნით მიმართა, რომ მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი, საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ.
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი სახელმწიფო მინისტრის პოზიცია ვაკანტური დარჩება.
,,მინდა, ვთხოვო საქართველოს პარლამენტს, მომდევნო მომდევნო საპარლამენტო სესიის პირველივე კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს კანონების პაკეტი საქართველოს მთავრობის სტრუქტურის ცვლილების შესახებ. მამუკა მდინარაძეს ვუსურვებ წარმატებებს რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ რეგიონული პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება არის სახელმწიფოს საგანგებო მნიშვნელობის ამოცანა, რომლის შესრულებაც, მამუკა მდინარაძეს, როგორც განსაკუთრებული პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსს, ყველაზე უკეთ შეუძლია.
რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, მოგეხსენებათ, რამდენიმე თვის წინ მამუკა მდინარაძემ დაიკავა სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, სადაც მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინირებული მუშაობის სისტემის ჩამოყალიბებაში. ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე უზრუნველვყოთ. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერმა განცხადება გააკეთა საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროზეც და აღნიშნა, რომ აღნიშნული სამინისტროც სექტემბერში გაუქმდება.
,,რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო, შესაბამისად სექტემბერში გაუქმდება. რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას. მადლობას ვუხდი კახა გულედანს მინისტრის თანამდებობაზე უაღრესად მაღალპროფესიონალური და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.