დევნილთა სააგენტო იძულებით გადაადგილებულ 300-მდე ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელ სახლს შეუსყიდის.
როგორც უწყებაში განმარტავენ, იმ ოჯახების სია, რომელთა განსახლების თაობაზე დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ დადებითი გადაწყვეტილება მიიღო, სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა. დევნილ ოჯახებს ექვსთვიანი ვადა ეძლევათ, რომ სახლები საქართველოს ნებისმიერ რეგიონში თავადვე შეარჩიონ და სააგენტოს წარუდგინონ.
„აღსანიშნავია, რომ დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობის პარალელურად, სახლების შესყიდვის პროგრამამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებული მასშტაბები შეიძინა. მიმდინარე წელს, სააგენტომ სახლი უკვე 1 640 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.
იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესი მომავალში კიდევ უფრო აქტიური რეჟიმით გაგრძელდება“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.