საზოგადოება
28.07.2026 12:22
28 ივლისს ჰეპატიტების მსოფლიო დღე აღინიშნება
28 ივლისი ჰეპატიტების მსოფლიო დღეა. თარიღი ნობელის პრემიის ლაურეატის და B ჰეპატიტის ვირუსის აღმომჩენის ბარუხ სამუელ ბლუმბერგის დაბადების დღის საპატივსაცემოდ შეირჩა. ჰეპატიტების მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანი კი ვირუსული ჰეპატიტების რეალური ტვირთის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

აღნიშნულ დღეს ჯანმო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, იმუშაონ ერთად, 2030 წლისთვის ვირუსული ჰეპატიტის, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საფრთხის ელიმინაციისთვის.

საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში, C და B ჰეპატიტების დიაგნოსტიკა და მკურნალობა სახელმწიფოს მიერ ფინანსდება.

პროგრამის დაწყებიდან (2015 წლის 21 აპრილი) მასში 94 000-ზე მეტი მოქალაქე ჩაერთო. განკურნების მაჩვენებელი კი 99%-ია. 2024 წლიდან ქვეყანაში, ასევე B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც მოქმედებს და 1 700-ზე მეტი პაციენტია ჩართული.
„საქართველო მიმდინარე წელს გეგმავს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან საერთაშორისო ვალიდაციის მიღებას ორი მიმართულებით. ესენია: C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე მიღწეული პროგრესის და B ჰეპატიტის დედიდან შვილზე გადაცემის ელიმინაციის ვალიდაცია. განაცხადი ორივე მიმართულებით მომზადებულია ვალიდაციის ოქროს, უმაღლესი დონის მისაღებად.
ქვეყნის საბოლოო მიზანი კი 2030 წლისთვის ჰეპატიტის ელიმინაციაა, რაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური სტრატეგიით განსაზღვრულ ვადებს შეესაბამება“, - აცხადებენ სამინისტროში.
კვირის ამბები