გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის კონკურსი - „შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი“ გამოაცხადა.
ორგანიზატორების ინფორმაციით, კონკურსის მიზანი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებში გარემოსდაცვით საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა. კონკურსში მონაწილეობა კი შეუძლიათ პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტების (მათ შორის, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური) მოქმედ მუნიციპალურ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს.
„კონკურსში მონაწილეობისთვის განაცხადების მიღების ბოლო ვადა 28 აგვისტოა. წარმოდგენილი განაცხადი უნდა მოიცავდეს შემუშავებულ საგანმანათლებლო აქტივობებს - გარემოსდაცვით საკითხზე თეორიული და პრაქტიკული სწავლების სამ აქტივობას, რომელთაგან ერთ-ერთი უნდა ეხებოდეს კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ საკითხებს და გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: info@eiec.gov.ge (წერილის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ: „შექმენი კლიმატმეგობრული ბაღი).
აქტივობების დამადასტურებელი ფორმა (დანართი N1) ხელმისაწვდომია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ვებგვერდზე: eiec.gov.ge/Ge/News/details/6479. საკონტაქტო პირია თათია ხაბულიანი (პროექტის ადმინისტრაციული ასისტენტი: Tatia.Khabuliani@eiec.gov.ge, ტელ: 577 33 11 63)“, - აცხადებენ ორგანიზატორები.
ცნობისთვის, კონკურსი პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ტარდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.