სკრის საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა სისხლის უანგარო დონაციის აქციაში მიიღეს მონაწილეობა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საბავშვო ბაღის თანამშრომლებმა შიდა ქართლის ცენტრალური სისხლის ბანკში სისხლის უანგარო დონაცია განახორციელეს.
როგორც სააღმზრდელო დაწესებულების დირექტორმა ამალი კაკაშვილმა „გორის მაცნესთან“ აღნიშნა, გამოეხმაურნენ შიდა ქართლის ცენტრალური სისხლის ბანკის ადმინისტრაციის მოწოდებას, რიგით ადამიანებს გამოეჩინათ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ჰუმანურობა - უანგაროდ გაეღოთ სისხლი ზაფხულის პერიოდში, იმ ფონზე, რომ გაზრდილია მოთხოვნები სისხლის კომპონენტებზე.
„შიდა ქართლის ცენტრალური სისხლის ბანკის ადმინისტრაციის მოწოდება გულთან მივიტანეთ და ასე გავხდით კიდევ ერთხელ დონორები. გვჯერა, რომ ჩვენი გაღებული სისხლი რამდენიმე ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენს. ვფიქრობთ, სისხლის უანგარო დონაცია თითოეული ჩვენგანის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ამალი კაკაშვილმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, შიდა ქართლის ცენტრალური სისხლის ბანკის ადმინისტრაციამ ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე წერილი გამოაქვეყნა:
„გულწრფელ მადლობას ვუხდით სკრის საბავშვო ბაღის დირექტორს ამალი კაკაშვილს, თანამშრომლებს: სონია ტოლიაშვილს, ხათუნა მაზმიშვილს, სოფიო კოკაურს და თინათინ აბულაძეს, რომლებიც გამოეხმაურნენ ჩვენს მოწოდებას სისხლის უანგარო დონაციის შესახებ.
თქვენ ყოველდღიურად სიყვარულს, ზრუნვას და სიკეთეს უზიარებთ ბავშვებს, დღეს კი ეს სიკეთე კიდევ უფრო დიდ ადამიანურ მისიად აქციეთ - მონაწილეობა მიიღეთ სიცოცხლის გადარჩენაში.
სამაგალითოები ხართ, რადგან ასეთი აქციები არაერთხელ განგიხორციელებიათ. იმედია, თქვენი მაგალითი შთააგონებს საზოგადოებას, რომ ერთად დგომით და ერთმანეთის მხარდაჭერით გაღებული სისხლის თითოეული წვეთით გადავარჩენთ არაერთ სიცოცხლეს“, - აღნიშნულია სამადლობელ წერილში.