გორის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტი, დაახლოებით, სამ კილომეტრიანი გზის მონაკვეთის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. სამუშაოები კი რეგიონული განვითარების ფონდის და გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. ამ ეტაპზე გზის ცალკეულ მონაკვეთებზე ასფალტის საფარის პირველი ფენის დაგება უკვე დასრულებულია.
„რეაბილიტირებული გზა ერთმანეთთან სამ სოფელს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სატრანსპორტო მიმოსვლას, ისე ქვეითთა უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას. პროექტის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო სწრაფი, უსაფრთხო და მოსახერხებელი გახდება“, - აცხადებენ გორის მერიაში.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, მერის პირველ მოადგილესთან და საკრებულოს წარმომადგენელთან ერთად, სოფელ პატარა გარეჯვარში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.