კონკურსი „მაჩაბელი - 2026“ დასრულდა - გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გორის თეატრში გაიმართა
ლიტერატურული კონკურსი „მაჩაბელი - 2026“ დასრულდა. კონკურსის ლაურეატების დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა.
ღონისძიებას კონკურსის დამფუძნებელი, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძე, კონკურსის კოორდინატორი - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი, კონკურსის მონაწილეები და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საღამო მუსიკალურად გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯაზ-ბენდმა („კანუდოსი“) და სულხან ცინცაძის სახელობის გორის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდმა (დირიჟორი ნინო წიკლაური) გააფორმა.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები წელს ხუთ ნომინაციაში: საუკეთესო პოეტური კრებული/ლექსების ციკლი; საუკეთესო პროზაული ნაწარმოები; საუკეთესო პიესა; საუკეთესო კრიტიკულ/ესეისტური/პუბლიცისტური წერილი/კრებული; საუკეთესო პოეტური/პროზაული ქართული თარგმანი გამოვლინდნენ. ნომინაციაში გამარჯვებულ თითოეულ ავტორს, სპეციალურ პრიზთან ერთად, პრემია (3000 ლარი) გადაეცა, ხოლო ლიტერატურული კონკურსის დამფუძნებლის პრემია მწერალმა რევაზ მიშველაძემ მიიღო.
შეგახსენებთ, კონკურსი „მაჩაბელი“ მეექვსე წელია იმართება და კონკურსის მიზანი რეგიონის კულტურულ-შემოქმედებითი ცხოვრების გამრავალფეროვნება და ახალგაზრდებში ლიტერატურის პოპულარიზაციაა.
კონკურსის ოფიციალური პარტნიორია გორის მუნიციპალიტეტის მერია, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტთან არსებული გიორგი მახარობლიძის სახელობის ლიტერატურული კაფე, ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა და გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი. გენერალური სპონსორია გორის მუნიციპალიტეტის მერია და ლიბერთი ბანკი.