გაუფრთხილდი ტყეს, ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ - ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს
გაუფრთხილდი ტყეს, ნუ დატოვებ კოცონს უყურადღებოდ - ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და საპიკნიკე და საკოცონე ადგილის მოწყობისას რეკომენდაციებს სთავაზობს.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ტყის ხანძრების რისკი იზრდება. ხანძრის აცილება კი შესაძლებელია ტყეში გადაადგილების დროს განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენით და დადგენილი აკრძალვების შესრულებით.
„მოქალაქეებს შევახსენებთ, რომ სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ცეცხლის დანთება აკრძალულია ხეების ვარჯის ქვეშ, წიწვოვან მოზარდ ტყეში, ძველ ნახანძრალებში, ტყის დაზიანებულ უბნებში, დამზადების ნარჩენებისგან გაუწმენდავ ტყეკაფებში, გამოუზიდავი მერქნის განთავსების ადგილებში, ასევე ტორფიან და გამხმარბალახიან ტერიტორიებზე.
ტყის სხვა ტერიტორიებზე კი კოცონის დანთება დასაშვებია მხოლოდ წინასწარ მოწყობილ ბაქანზე, რომელიც ცეცხლის კერიდან არანაკლებ 1,5 მეტრის რადიუსში გაწმენდილია ადვილად აალებადი მასალებისგან - თივისგან, ხმელი ბალახისგან, ფოთლებისა და ფიჩხისგან“, - აცხადებენ ეროვნულ სატყეო სააგენტოში.
ცნობისთვის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ტყეებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა, რასაც მოჰყვება ტყეში ხანძრის გაჩენა ან მისი გავრცელება გარკვეულ ფართობზე, აგრეთვე, ტყის მოსპობა ან დაზიანება ცეცხლის წაკიდების ან ცეცხლისადმი დაუდევრად მოპყრობის შედეგად - 300-დან 500-ლარამდე დაჯარიმებას, ტყეში დაუდევრობით გამოწვეული ხანძრის შემთხვევაში კი კანონი ოთხიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.