საზოგადოება
22.07.2026 10:45
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი სააგენტო შეიქმნა
საქართველოს მთავრობის დადგენილების საფუძველზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - „ინფორმაციული ტექნოლოგიების, გარემოსდაცვითი და აგრო სერვისების სააგენტო“ შეიქმნა.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ახალი სააგენტო სამინისტროს ცენტრალიზებული ინფორმაციული ტექნოლოგიების მართვის, სატელეფონო ცენტრის და სერვისების განვითარების მიმართულებების ინტეგრაციის შედეგად ჩამოყალიბდა. მისი მიზანი კი ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომხმარებელთა მომსახურების და ციფრული სერვისების განვითარების ერთიანი ხედვის და კოორდინირებული მართვის ჩამოყალიბებაა.

„სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებებისა და სამინისტროს მართვაში გადმოცემული კერძო სამართლის იურიდიული პირების ინფორმაციული ტექნოლოგიების, ციფრული ტრანსფორმაციის, მონაცემთა ცენტრის და ქსელური ინფრასტრუქტურის მართვა. სააგენტო, ასევე უზრუნველყოფს პროგრამული უზრუნველყოფის განვითარებისა და ადმინისტრირების ხელშეწყობას, გეოსაინფორმაციო სისტემების და სივრცითი მონაცემების მართვას, აეროგადაღების და მონიტორინგის განხორციელებას, სახელმწიფო სერვისების განვითარებას და მათი მიწოდების პროცესების სტანდარტიზაციას, მომხმარებელთა სატელეფონო და ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე სამინისტროს სისტემაში ერთიანი ციფრული და ტექნოლოგიური ეკოსისტემის ფორმირებას და განვითარებას“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
კვირის ამბები