საზოგადოება
14.07.2026 11:45
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას - ბენეფიციართა შერჩევა ორ ეტაპად განხორციელდება
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მიიღებენ მონაწილეობას.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტში ჩართვა 14-17 წლის ასაკის პირებს შეუძლიათ. ბენეფიციართა შერჩევა ორ ეტაპად (დოკუმენტაციის გადარჩევა და გასაუბრება) განხორციელდება და ანაკლიაში გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 30 ახალგაზრდა გაემგზავრება.

გორელ მოზარდებს ბანაკი 3 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით უმასპინძლებს. მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ საკვანძო კომპეტენციების განვითარებისკენ მიმართულ საგანმანათლებლო, რეკრეაციულ, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში.

ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მონაწილეობისთვის დაინტერესებული პირები გორის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე მითითებულ ბმულზე უნდა დარეგისტრირდნენ. განაცხადები 19 ივლისის ჩათვლით მიიღება.

დამატებითი ინფორმაციისთვის მსურველებმა უნდა დარეკონ ნომერზე: 591 69 41 41.

ცნობისთვის, პროექტს ახალგაზრდობის სააგენტო „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში ახორციელებს.
კვირის ამბები