საზოგადოება
08.07.2026 14:31
მზესუმზირის პლანტაციები ნადარბაზევის ტბის მიმდებარედ წელს სხვა ადგილზე დაგხვდებათ

2021 წლიდან 5 წლის განმავლობაში, ივლის-აგვისტოში გორის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ პოპულარულ ლოკაციას ნადარბაზევის ტბა და აღნიშნულ ტერიტორიაზე გაშენებული მზესუმზირის ნათესები წარმოადგენდა.

მზესუმზირის ნათესები გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერს თემურ ფსუტურს ეკუთვნოდა, წელს კი, როგორც ფსუტურმა „გორის მაცნეს“ განუცხადა, მზესუმზირა მისმა მეგობრებმა დათესეს და ნათესები ძველი ადგილისგან ოდნავ მოშორებით, ტბის სამხრეთით, ფერდობზე მდებარეობს.

ნადარბაზევის მზესუმზირები ამჟამად ყვავილობის სტადიაში ჯერ არ არის, შესაბამისად, ეს ტერიტორია ტბის სამხრეთით მწვანე ზოლად ჩანს, თუმცა, როგორც „გორის მაცნემ“ გაარკვია, სულ ორიოდე კვირაც და მზესუმზირები ყვავილობას დაიწყებს.

რაც შეეხება ფართობს, წელს, მზესუმზირის პლანტაცია 18 ჰა-ზეა გაშენებული, გასულ წლებში კი, სხვადასხვა ფართობს მოიცავდა - 10-დან 50 ჰა-მდე.

ვინც მზესუმზირის ყვავილობისას ფოტოსესიას გეგმავთ, ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ავტობანიდან ნადარბაზევის ტბამდე მანძილი 2.5 კილომეტრია, გზა გრუნტიანია, თუმცა, გადაადგილება შესაძლებელია როგორც მაღალი გამავლობის, ასევე დაბალი ავტომობილებისთვისაც.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ მზესუმზირებამდე მისასვლელად ტბას ნახევარწრეზე უნდა შემოუაროთ, აღნიშნული გზაც გრუნტიანია და მეტწილად ბალახითაა დაფარული.

კვირის ამბები