საზოგადოება
08.07.2026 13:31
8 ივლისი ალერგიის მსოფლიო დღეა
ალერგიის მსოფლიო დღე, ყოველწლიურად, 8 ივლისს აღინიშნება.

თარიღი ჯანმრთელობის და ალერგიის მსოფლიო ორგანიზაციების ერთობლივი ინიციატივით დაარსდა და მისი მიზანი ალერგიული დაავადებების პრევენციის, დროული დიაგნოსტიკის და ეფექტიანი მართვის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა.

დღეისთვის ალერგია დედამიწის მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აღენიშნება. სპეციალისტები აღნიშნულ ტენდენციას ეკოლოგიურ ცვლილებებს, ცხოვრების თანამედროვე წესს, გარემოს დაბინძურებას, სხვადასხვა გარემო და ქიმიური ფაქტორის ზემოქმედებას უკავშირებენ.
 
„ალერგია წარმოადგენს იმუნური სისტემის სპეციფიკურ რეაქციას ალერგენებზე. ძირითადი ალერგენებია: მცენარეთა მტვერი, მტვრის ტკიპები, გარკვეული, საკვები პროდუქტები, ცხოველების ბეწვი, მედიკამენტები და მწერების ნაკბენი.

მსოფლიოში ალერგიული დაავადებების, მათ შორის ალერგიული რინიტის, ასთმის, ატოპიური დერმატიტის და კვებითი ალერგიის გავრცელება მუდმივად იზრდება.

ალერგიის ძირითადი სიმპტომებია: ქრონიკული სურდო (ალერგიული რინიტი), ასთმური სიმპტომები, კანზე გამონაყარი (ატოპიური დერმატიტი) და მძიმე ალერგიული რეაქცია - ანაფილაქსია. ეფექტიანი მართვისთვის კი მნიშვნელოვანია ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა, დროული დიაგნოსტიკა, რეგულარული სამედიცინო მეთვალყურეობა და ალერგოლოგთან ან შესაბამის სპეციალისტთან კონსულტაცია“, - აღნიშნულია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები