საზოგადოება
08.07.2026 11:19
ვანდალიზმის მორიგი ფაქტი გორში - გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოსახლეობას ქალაქის იერსახის გაფრთხილებისკენ მოუწოდებს
სტალინის და ჭავჭავაძის გამზირების კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში ვანდალიზმის ფაქტი დაფიქსირდა, - ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს და მოქალაქეებს საერთო სარგებლობის სივრცეების გაფრთხილებისკენ მოუწოდებს.

როგორც აღნიშნულ სამსახურში აცხადებენ, დაუდგენელმა პირებმა მიწისქვეშა გადასასვლელში განათების ქსელი დააზიანეს, დამტვრეულია სანათები და ჩამოწყვეტილია ელ. ხაზებიც.

„ზემოაღნიშნული ფაქტის გარდა, სტალინის გამზირის და ამილახვრის ქუჩის კვეთაზე არსებულ მიწისქვეშა გადასასვლელში დაყრილია სხვადასხვა სახის საყოფაცხოვრებო ნარჩენი. აღნიშნული გადასასვლელები სააგენტოს თანამშრომლებმა რამდენიმე დღის წინ დაასუფთავეს.

მოგმართავთ თხოვნით, ნუ დავაზიანებთ და გავუფრთხილდეთ საერთო სარგებლობის სივრცეებს. ქალაქის იერსახეზე ზრუნვა თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა“, - აცხადებენ კეთილმოწყობის სააგენტოში.
კვირის ამბები