ევროპის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს და შესაბამისად, ათასობით ჰექტარი მცენარეული საფარი განადგურდა.
გამოცემა Deutsche Welle-ს ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა საფრანგეთში, საბერძნეთში, ესპანეთსა და პორტუგალიაში, სადაც ხანძრებს ასობით მეხანძრე ებრძვის.
5000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა საფრანგეთში, ქალაქ პერპინიანის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ხანძართან ბრძოლაში 700-მდე მეხანძრე და სამოქალაქო პირი, 200 ერთეული ტექნიკა და ათამდე თვითმფრინავი და ვერტმფრენია ჩართული.
ხანძრის მაღალი რისკი საფრანგეთის 41 დეპარტამენტში არსებობს, ზოგ მათგანში კი განგაშის უმაღლესი დონე გამოცხადდა.
ხანძარს ებრძვიან საბერძნეთშიც, სადაც ათენთან და სალონიკთან ახლოს ასობით მეხანძრე, ავიაცია და სპეცტექნიკაა ჩართული სალიკვიდაციო სამუშაოებში.
მასშტაბურ ხანძრებს ებრძვიან პორტუგალიასა და ესპანეთშიც.
შეგახსენებთ, უკვე მეორე კვირაა, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რის გამოც, გასული კვირის მონაცემებით, მსხვერპლი 3000 ადამიანს აჭარბებს.