ახალბაღში 300 ძირი ხე-მცენარე დაირგო - გამწვანების ღონისძიებაში ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროგრამის „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” ფარგლებში, გორის კულტურისა და დასვენების პარკის (ახალბაღის) ტერიტორიაზე 300 ძირი ხე-მცენარე დაირგო.
მათ შორისაა 70 ცაცხვი, 150 მელია და 80 კედარი.
გამწვანების ღონისძიებაში ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული სიმონ გულედანი, საქართველოს პარლამენტის წევრი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ასევე სამინისტროს, ფონდის და მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
სამინისტროს ინფორმაციით, გორის ცენტრალური პარკის ტერიტორიაზე პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება და რეკრეაციულ სივრცეში, ჯამში, 1 300 ხე-მცენარე დაირგვება. აქედან, შემოდგომაზე დამატებით 1 000-მდე ხე-მცენარე, მათ შორის ქარსაფარი ზოლების მოსაწყობად იქნება.
„პარკები და მწვანე სივრცეები მხოლოდ ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის მნიშვნელოვანი. ისინი ქმნის გარემოს, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას, ადამიანების ურთიერთობას და სოციალიზაციას. ამიტომ, ეს არის ინვესტიცია ჩვენს მომავალში და ჩვენი შვილების მომავალში. განსაკუთრებით მიხარია, რომ ამ პროგრამას უკვე კონკრეტული შედეგები აქვს. გორის ცენტრალური პარკი მნიშვნელოვანი რეკრეაციული სივრცეა ათასობით ადამიანისთვის და ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მისი განვითარების და ბუნებრივი გარემოს განახლებისთვის. ამ პროცესს საქართველოს ყველა რეგიონში გავაგრძელებთ, რადგან გვჯერა, რომ გამწვანება და ხარისხიანი რეკრეაციული სივრცეების შექმნა სწორედ ისაა, რაც ჩვენს ქალაქებსა და დასახლებებს ყველაზე მეტად სჭირდება“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
პროგრამა „მწვანე ინფრასტრუქტურა მდგრადი მომავლისთვის” მიზნად ისახავს საჯარო ურბანული და სარეკრეაციო სივრცეების განვითარებას, ეკოლოგიური ბალანსის გაძლიერებას და ადამიანზე ორიენტირებული, ხარისხიანი გარემოს შექმნას. ამ დროისთვის, პროგრამის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით უკვე 1 500-მდე ხე-მცენარეა დარგული.