საზოგადოება
01.07.2026 11:47
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც ეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს - განათლების მინისტრი
სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ, რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები - ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. ფიზიკის სახელმძღვანელოზე დატანილი იქნება ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება - კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. რაც შეეხება სხვა წიგნებს, დანარჩენ სახელმძღვანელოებზეც გავრცელდება ანალოგიური კონცეფცია. გივი მიქანაძის განცხადებით, განხორციელებული ცვლილებების მთავარი ამოსავალი წერტილია ეროვნული ღირებულებების მაქსიმალურად ინტეგრირება სასწავლო პროცესში.

„სახელმძღვანელოების რეფორმა ზოგადი განათლების რეფორმის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია - 2028 წლის 15 სექტემბრამდე ჩვენ ყველა საფეხურზე ჰუმანიტარული და STEM მიმართულების საგნებში სრულიად ახალი სახელმძღვანელოები გვექნება.
პროცესში ჩართულნი არიან მართლაც წამყვანი სპეციალისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით, შესაბამისი დარგების მიხედვით. შედეგად, ახალი სასწავლო წლის დაწყებისთვის პირველკლასელებს, მე-7 კლასელებსა და მე-10 კლასელებს ექნებათ უკვე ახალი სახელმძღვანელოები.

კონცეფცია სრულად იცვლება. წიგნების ყდებზე იქნება ეროვნული ღირებულებების მატარებელი ვიზუალები. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ - ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება დატანილი ქართული, ტრადიციული ღვინის დაწურვის პროცესი, რომელიც ქიმიურ პროცესთანაა დაკავშირებული. უკანა ყდაზე კი ამ პროცესის აღწერა იქნება განთავსებული.
 
ფიზიკის სახელმძღვანელოზე გვექნება დატანილი ელგუჯა მეძმარიაშვილის უდიდესი გამოგონება - კოსმოსში პირველი ქართული თანამგზავრის გაშვება. იგივე კონცეფცია გავრცელდება სხვა წიგნებზე.

სახელმძღვანელოებში შევიტანეთ 500-ზე მეტი სრულიად ახალი ილუსტრაცია, რომელიც არასოდეს ყოფილა წიგნებში და რომელიც შეეხება ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს. ეს ეროვნული კომპონენტები შემოგვაქვს იმისთვის, რომ ჩვენმა შვილებმა იცოდნენ რა საგანძური აქვს ჩვენს სამშობლოს”, - განაცხადა განათლების მინისტრმა.
კვირის ამბები