საზოგადოება
30.06.2026 15:32
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა - მიხეილ სარჯველაძე
საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდმა (EMT-1) ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო კლასიფიკაცია მიიღო.

როგორც დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სტატუსი ადასტურებს, რომ გუნდი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და საგანგებო სიტუაციების დროს ეფექტიანი რეაგირებისთვის საჭირო შესაძლებლობებს ფლობს.

„სერტიფიკატის მინიჭებას წინ უძღოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის EMT მიმართულების საერთაშორისო შემფასებელთა ჯგუფის ვიზიტი და ვერიფიკაციის პროცესი, რომლის ფარგლებშიც სპეციალისტებმა გუნდის მზადყოფნა და ოპერატიული შესაძლებლობები შეაფასეს.

საერთაშორისო კლასიფიკაციის მიღებით, საქართველოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდს შესაძლებლობა ეძლევა, საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ჰუმანიტარულ და საგანგებო სამედიცინო მისიებში“, - აცხადებენ უწყებაში.

ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის თქმით კი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადაუდებელი სამედიცინო დახმარების გუნდის არსებობა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მიღწევაა და მიღებული კლასიფიკაცია არა მხოლოდ ცენტრის საქმიანობის მაღალი ხარისხის აღიარებაა, არამედ მისი განვითარების, გაძლიერების და თანამშრომელთა პროფესიონალიზმის დასტურიც.
კვირის ამბები