ვინ ისარგებლებს 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობებით - გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა აპლიკანტთა სია გამოაქვეყნა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა იმ გამოსაცდელთა სია გამოაქვეყნა, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი, ასევე ცნობილია იმ აპლიკანტთა სია, რომელთაც უარი ეთქვათ გამოცდებზე სპეციალური პირობების შექმნაზე.
როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში აღნიშნავენ, გამოსაცდელებს საგამოცდო ბარათზე დატანილი ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდის გამოყენებით შეუძლიათ გადაამოწმონ, დაკმაყოფილდა თუ არა მათი მოთხოვნა.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ყოველწლიურად 300-ზე მეტი აბიტურიენტისთვის უზრუნველყოფს სპეციალური საგამოცდო გარემოს შექმნას. ამ მიზნით, ცენტრი ბეჭდავს ტესტებს ბრაილისა და გაზრდილი შრიფტით. ასევე გამოიყენება სპეციალური ხმოვანი პროგრამა, ეწყობა გამოსაცდელთა საჭიროებებზე მორგებული სივრცე, იზრდება საგამოცდო დრო და ხორციელდება სხვა მხარდამჭერი ღონისძიებები.
უცხოური ენის მოსმენის ნაწილისთვის ცენტრი აპლიკანტებს მსოფლიოში წამყვან საგამოცდო პრაქტიკაში დანერგილ ალტერნატიულ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათ შორისაა: წამკითხველის დახმარება (სიტყვების აღქმა ტუჩების მოძრაობით), ხმის გამაძლიერებელთან ახლოს განთავსება, ყურსასმენის გამოყენება, პირადი სმენის აპარატის გამოყენება და დამატებითი დროით სარგებლობა.
გამოსაცდელთა მოთხოვნებს ინდივიდუალურად განიხილავს დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალითაა დაკომპლექტებული. გადაწყვეტილება მიიღება გამოსაცდელების მიერ წარმოდგენილი განცხადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე“, - აცხადებენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.
ცნობისთვის, 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობებით 311 აპლიკანტი ისარგებლებს, ხოლო 261 აპლიკანტს უარი ეთქვათ გამოცდებზე სპეციალური პირობების შექმნაზე.