საზოგადოება
22.06.2026 13:53
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს - გივი მიქანაძე
2026–2027 სასწავლო წლისთვის საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმებს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შპს „საგანმანათლებლო რესურსები“ კომპანია შპს „გლორი ტექსტილი ინდასთრისგან“ შეიძენს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, კომპანია „გლორი ტექსტილი ინდასთრის“ სამკერვალო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაშია განთავსებული. კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულება კი 1 801 000 ერთეული სასკოლო ფორმის შეკერვას ითვალისწინებს.

როგორც საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, ფორმების მიწოდება სკოლებისთვის ეტაპობრივად განხორციელდება და დეტალური ინფორმაცია განრიგის შესახებ ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება.

„მოგეხსენებათ, რომ ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში დავაანონსეთ და მთავრობის დადგენილებით დავამტკიცეთ ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სკოლებში, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ფორმების შემოღება.

ხელშეკრულების თანახმად, სასკოლო ფორმების მიწოდება სკოლებისთვის სამ ეტაპად განხორციელდება.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა მოსწავლე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა, ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, 60 000 ქულაზე ნაკლებია, ფორმას უფასოდ მიიღებს.

ზაფხულის პერიოდში გამოქვეყნდება დეტალური ინფორმაცია ფორმის ერთი კომპლექტის ღირებულებასთან დაკავშირებით, ასევე, იმის შესახებ თუ რა ფორმით მოხდება სხვადასხვა ქალაქსა თუ მუნიციპალიტეტში სასკოლო ფორმების საზოგადოებისთვის მიწოდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.

შეგახსენებთ, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის ტარება სავალდებულო ხდება.
კვირის ამბები