საზოგადოება
19.06.2026 10:47
1-ელი ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება
ნაოსნობისა და მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, 1-ელი ივლისიდან შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის აღება სავალდებულო ხდება, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ საზღვაო რტანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ტბებზე, მდინარეებსა და წყალსაცავებზე კატარღების, იახტების, ჰიდროციკლების და სხვა ძრავიანი მცურავი საშუალებების რეგისტრაცია და მართვის სერტიფიკატის ფლობის ვალდებულება, შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობის უსაფრთხოების სტანდარტების დაცვას და მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ასევე შემთხვევების პრევენციას ისახავს მიზნად.

„საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ დადგენილი რეგულაციები გავრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც საქართველოს შიდა სახმელეთო წლებში ნაოსნობას, ან მგზავრთა გადაყვანას ახორციელებენ.

შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობაში ჩართული მცურავი საშუალებების რეგისტრაციის პროცესს კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო უზრუნველყოფს.

რეგისტრაციამდე მცურავმა საშუალებამ ტექნიკური ინსპექტირება სააგენტოს მიერ აღიარებულ ზედამხედველობის განმახორციელებელ ორგანიზაციაში უნდა გაიაროს.

რეგისტრაციას დაექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მცურავი საშუალება (კატარღები, იახტები, მოტონავები, ჰიდროციკლები, კატამარანები, სამგზავრო პლატფორმები და სხვა).

იმავდროულად, შიდა სახმელეთო წყლებში ძრავიანი მცურავი საშუალების სამართავად აუცილებელი გახდება მართვის სერტიფიკატის ფლობა. სერტიფიკატი 5 წლის ვადით გაიცემა 18 წელს მიღწეულ, ქმედუნარიან პირზე, რომელიც გადამზადების პროგრამას სააგენტოს მიერ აღიარებულ საზღვაო-საწვრთნელ დაწესებულებაში წარმატებით გაივლის. ამ ეტაპზე აღნიშნული პროგრამა მხოლოდ სსიპ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრს აქვს აღიარებული.

აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 1-ლი აპრილიდან აღნიშნული ტრანსპორტის მფლობელებისთვის მოქმედებს გარდამავალი პერიოდი, რომლის ფარგლებშიც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო პერიოდულად ახორციელებს საინფორმაციო კამპანიებს. ამ დროისთვის შიდა სახმელეთო წყლების გემების რეესტრში უკვე დარეგისტრირებულია 16 ერთეული მცურავი საშუალება, ხოლო შესაბამისი მართვის სერტიფიკატი 38-მა ფიზიკურმა პირმა აიღო.

ახალი რეგულაციები არ გავრცელდება კაიაკებზე, პირადი დანიშნულებით გამოყენებულ მცურავ საშუალებებზე. ასევე, რეგისტრაციას არ დაექვემდებარება სამ მეტრზე ნაკლები სიგრძის, ძრავის არმქონე მცურავი საშუალებები.

აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობითი რეგისტრაციის პერიოდის დასრულების შემდეგ, 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კანონის დარღვევა გამოიწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასა და დაჯარიმებას.

2020-2026 წლებში საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე სხვადასხვა მცურავი საშუალების მონაწილეობით 80 ინციდენტი მოხდა. შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი საშუალებების რეგისტრაციისა და მართვის სერტიფიკატის შემოღება ამ ტიპის ტრანსპორტით გადაადგილებას გაცილებით უსაფრთხოს გახდის“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
კვირის ამბები