„ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ - გორში საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის ფინალი გაიმართა
გორში საგანმანათლებლო-გასართობი პროექტის - „ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ ფინალი გაიმართა.
დასკვნითი ღონისძიება გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ჩატარდა და ფინალამდე გამოვლენილი ექვსი საუკეთესო სკოლის - გორის №2, №7, №8, №10, №11 და №12 მხიარულთა და საზრიანთა კლუბები მონაწილეობდნენ.
კომპეტენტურმა ჟიურიმ გამარჯვებულები იუმორის, კრეატიულობის, შესრულების მანერისა და სცენური ხელოვნების მიხედვით გამოავლინა.
რაც შეეხება საპრიზო ადგილებზე გასულ მონაწილეებს, პირველი ადგილი გორის №10 საჯარო სკოლის (დირექტორი ნინო წიკლაური) მხიარულთა და საზრიანთა კლუბმა - „არეულები“ (ნიკა გუგუტიშვილი, თაზო შიუკაშვილი, ნიკა ყველაშვილი, ლუკა ნატროშვილი) დაიკავა. მეორე ადგილზე ზაზა ბირთველიშვილის სახელობის გორის N7 საჯარო სკოლის (დირექტორი რუსუდან ლომიძე) მხიარულთა და საზრიანთა კლუბი - „გორული მწვანე“ (არინა არაქელიანს, გურამ კაპანაძეს, ლუკა ხორბალაძეს, თორნიკე ნადირაძეს, ნინა ჩეჩელაშვილს, ნიკოლოზ ახალკაცს, დავით ლოცულაშვილს) გავიდა. მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გორის №2 საჯარო სკოლის (დირექტორი თამარ სამსონაშვილი) მხიარულთა და საზრიანთა კლუბი - „ლიახვის ტალღა“ (ანანო ჯაბანიშვილი, ნინი ოლგესაშვილი, ნიკა ნასყიდაშვილი, დაჩი ბუდედაშვილი) გახდა.
გამარჯვებულ გუნდებს სპეციალური პრიზები და ჯილდოები გადაეცათ. გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ ახალკაცმა კი ჟიურის განსაკუთრებული სიმპათია დაიმსახურა და სპეციალური თასით დაჯილდოვდა.
პროექტი „ქართული ლიგა - სკოლის სცენა“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის და ა(ა)იპ „საერთაშორისო ინოვაციური ინდუსტრიის“ თანადაფინანსებით განხორციელდა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას შემოქმედებით პროცესებში, მათი უნარებისა და ნიჭის აღმოჩენასა და განვითარებას.